დაწერილი: ფ. ენგელსის მიერ 1894 წლის ნოემბერში.
გამოქვეყნებული: დაიბეჭდა ჟურნალ “Neue Zeit”-ში 1894 წელს.
თარგმანი: გერმანულიდან.
წყარო: მარქს-ენგელსის რჩეული ნაშრომები, ტომი II, 1950 წ. [იბეჭდება ჟურნალის ტექსტის მიხედვით].
გაციფრულება: ჟერმინალი
HTML: ჟერმინალი
ბურჟუაზიულ და რეაქციულ პარტიებს მეტისმეტად უკვირთ ის, რომ ამჟამად სოციალისტების წინაშე დღის წესრიგში უეცრად ყველგან გლეხთა საკითხი წამოიჭრა. ნამდვილად კი მათ ის უნდა უკვირდეთ, რომ ეს უკვე დიდი ხნით ადრე არ მოხდა. ირლანდიიდან სიცილიამდე, ანდალუზიიდან რუსეთამდე და ბულგარეთამდე, გლეხი არის მოსახლეობის, წარმოებისა და პოლიტიკური ძალის ფრიად არსებითი ფაქტორი. გამონაკლისს შეადგენს დასავლეთ ევროპის მხოლოდ ორი ოლქი. საკუთრივ დიდ ბრიტანეთში მსხვილმა მიწათმფლობელობამ და მსხვილმა მიწათმოქმედებამ სავსებით განდევნა გლეხი, რომელიც თავისი მეურნეობით ცხოვრობდა. იგივე პროცესი ოსტელბიის პრუსიაში საუკუნეების მანძილზე გრძელდება და აქაც გლეხს, ყოველ შემთხვევაში, ეკონომიური და პოლიტიკური თვალსაზრისით, თანდათან “აძევებენ”, ან უკანა რიგში სწევენ.
როგორც პოლიტიკური ძალის ფაქტორი გლეხი დღემდე თავს იჩენს მეტწილად მხოლოდ თავისი აპათიით, რომლის ფესვები სოფლის ცხოვრების განმარტოებულობაშია. მოსახლეობის ფართო მასის ეს აპათია უძლიერესი დასაყრდენია არა მარტო საპარლამენტო კორუპციისა პარიზსა და რომში, არამედ რუსული დესპოტიზმისაც. მაგრამ ეს აპათია სრულებითაც არ არის დაუძლეველი. მას შემდეგ რაც მუშათა მოძრაობა წარმოიშვა, დასავლეთ ევროპის ბურჟუებისათვის, განსაკუთრებით იქ, სადაც გლეხთა პარცელური საკუთრება სჭარბობს, არც თუ ისე ძნელი იყო ეჭვი და სიძულვილი აღეძრათ გლეხებში სოციალისტი მუშებისადმი იმით, რომ დაეხატათ ეს უკანასკნელნი გლეხის ფანტაზიის წინაშე როგორც partageux, როგორც “გაყოფის” მომხრენი, როგორც ზარმაცი, ხარბი ქალაქელები, რომლებსაც თვალი უჭირავთ გლეხის საკუთრებაზე. 1845 წლის თებერვლის რევოლუციის ბუნდოვანი სოციალისტური სწრაფვანი მალე აღგავა ფრანგი გლეხების რეაქციულმა კენჭის ყრამ. გლეხს სურდა, რომ იგი არ შეეწუხებინათ. ამიტომაც აქ მან თავისი მოგონებათა საგანძურიდან გამოამზეურა ლეგენდა გლეხთა იმპერატორ ნაპოლეონზე და მეორე იმპერია შექმნა. ყველამ ვიცით, თუ რა დაუჯდა ფრანგ ხალხს გლეხების მარტო ეს საგმირო საქმე; ამ საგმირო საქმის შედეგებისაგან ფრანგი ხალხი დღესაც იტანჯება.
მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. წარმოების კაპიტალისტური ფორმის განვითარებამ სასიცოცხლო ნერვი გადაუჭრა წვრილ წარმოებას სოფლის მეურნეობაში; ეს წვრილი წარმოება იღუპება და შეუჩერებლივ ეცემა. ჩრდილო და სამხრეთ ამერიკისა და ინდოეთის კონკურენციისა გამო ევროპის ბაზარი იაფი პურით აივსო, იმდენად იაფით, რომ არც ერთ ადგილობრივ მწარმოებელს არ შეეძლო მისთვის კონკურენციის გაწევა. მსხვილ მიწათმფლობელსა და წვრილ გლეხს, ორივეს ერთნაირად მოელის დაღუპვა. და რადგან ისინი ორივენი მიწისმფლობელნი და სოფლის მცხოვრებნი არიან, ამიტომ მსხვილი მიწათმფლობელი თავის თავს წვრილი გლეხის ინტერესებისათვის მოწინავე მებრძოლად აცხადებს და წვრილი გლეხიც — საერთოდ და მთლიანად — ცნობს მას, მისი, ე. ი. გლეხის, ინტერესებისათვის მებრძოლად.
ამასობაში კი დასავლეთში გაიზარდა ძლიერი სოციალისტური მუშათა პარტია. თებერვლის რევოლუციის დროინდელი ბუნდოვანი წინათგრძნობანი და მისწრაფებანი უფრო ნათელნი გახდნენ, უფრო გაფართოვდნენ და გაღრმავდნენ, გადაიქცნენ მეცნიერების ყველა მოთხოვნების დამაკმაყოფილებელ პროგრამად, გარკვეული, ხელშესახები მოთხოვნების შემცველ პროგრამად. ამ მოთხოვნებს იცავენ გერმანიის საფრანგეთის და ბელგიის პარლამენტში მუდმივ რიცხვმზარდი სოციალისტი დეპუტატები. სოციალისტური პარტიის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების დაპყრობა უკვე საკმაოდ მოახლოვებულია. მაგრამ, პოლიტიკური ძალაუფლება რომ დაიპყროს, ეს პარტია ჯერ უნდა წავიდეს ქალაქიდან სოფლად, უნდა ძალა გახდეს სოფლად. სოციალისტურ პარტიას, რომელიც იმით განირჩევა ყველა დანარჩენ პარტიებისაგან, რომ მას ნათლად ესმის ეკონომიური მიზეზების კავშირი პოლიტიკურ შედეგებთან, რომელმაც სწორედ ამის მეოხებით უკვე დიდი ხანია აღმოაჩინა ცხვრის ქურქში გახვეული მგელი — მსხვილი მიწათმფლობელი, რომელიც გლეხს თავის მეგობრობას სთავაზობს, — განა ამ პარტიას შეუძლია დაღუპვისათვის განწირული გლეხი გულდამშვიდებით დატოვოს მისი ცრუდამცველების ხელში იმდრომდე, ვიდრე გლეხი სამრეწველო მუშების პასიური მოწინააღმდეგედან აქტიური მოწინაღმდეგე არ გახდება? და აი აქ არის ჩვენთვის გლეხთა საკითხის ცენტრი.
სოფლის მოსახლეობა, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ, შესდგება ფრიად განსხვავებული შემადგენელი ნაწილებისაგან, რომელნიც, თავის მხრივ, ერთმანეთისაგან ცალკეული ადგილების მიხედვით განსხვავდებიან.
გერმანიის დასავლეთ ნაწილში, ისევე როგორც საფრანგეთსა და ბელგიაში, გაბატონებულია წვრილი წარმოება პარცელური გლეხებისა, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში მესაკუთრენი არიან, უმცირეს შემთხვევაში კი — თავიანთი მიწის პატარა ნაკვეთის მოიჯარენი.
ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაში — ქვემო საქსონიასა და შლეზვიგ-ჰოლშტაინში — სჭარბობენ მსხვილი და საშუალო გლეხები, რომლებიც საქმეს ვერ ართმევენ თავს მოჯამაგირე მამაკაცების და ქალებისა და თვით დღიური მუშის გარეშე. იგივე ხდება ბავარიის ერთ ნაწილშიც.
ოსტელბიის პრუსია და მეკლენბურგი წარმოადგენენ მსხვილი მიწათმფლობელობისა და მსხვილი წარმოების მხარეს, სადაც არიან შინამოსამსახურეები, მოჯამაგირეები და დღიური მუშები; ხოლო აქა-იქ შედარებით მცირე და მუდამ კლებადი რაოდენობით გვხვდება წვრილი და საშუალო გლეხობა.
შუა გერმანიაში, ადგილმდებარეობისდა მიხედვით, სხვადასხვა პროპორციით გვხვდება წარმოებისა და მიწათმფლობელობის ყველა ამ ფორმათა ნარევი. ამასთან არც ერთი ფორმათაგანი არ სჭარბობს რამდენადმე მაინც დიდ ფართობზე.
გარდა ამისა, მოიპოვება სხვადასხვა სიდიდის ადგილები, სადაც საკუთარი თუ იჯარით აღებული სახნავი მიწა საკმარისი არ არის ოჯახის გამოსაკვებად და წარმოადგენს მხოლოდ შინამრეწველობის ბაზისს. ეს შესაძლებლობას იძლევა მეტად მცირე, ამ პირობების გარეშე წარმოუდგენელი დაბალი ხელფასისათვის, რომელიც უცხოური საქონლის ყოველგვარი კონკურენციის მიუხედავად, მუდმივად უზრუნველყოფს ამ პროდუქტების გასაღებას.
სოფლის მოსახლეობის რომელი ამ თანრიგთაგანი შეიძლება მოზიდულ იქნეს სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში? ჩვენ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ზოგადად ვიკვლევთ; ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ მკვეთრად გამოსახულ ფორმებს; ადგილის სიმცირე ნებას არ გვაძლევს შევჩერდეთ სოფლის მოსახლეობის შუალედ საფეხურებსა და შერეული შემადგენლობის შემთხვევებზე.
დავიწყოთ წვრილი გლეხით. მთელი გლეხობიდან ეს თანრიგი საერთოდ ყველაზე მნიშვნელოვანია, და არა მარტო დასავლეთ ევროპისათვის. არა, თვით მთელი ამ საკითხის მიმართ სიმძიმის ცენტრი გლეხთა სწორედ ამ თანრიგშია. რაკი გავარკვიეთ ჩვენი დამოკიდებულება წვრილი გლეხებისადმი, ჩვენ გვაქვს უკვე ყველა საყრდენი პუნქტი იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ჩვენი დამოკიდებულება სოფლის მოსახლეობის დანარჩენი შემადგენელი ნაწილებისადმი.
წვრილი გლეხი ჩვენ აქ გვესმის როგორც მესაკუთრე ან მოიჯარე განსაკუთრებით კი მესაკუთრე — მიწის პატარა ნაჭრისა, რომელიც იმაზე მეტი არ არის, რაც გლეხს, საერთო წესისამებრ, თავისი საკუთარი ოჯახის დახმარებით შეუძლია დაამუშაოს და არც იმაზე ნაკლებია, რაც მის ოჯახს გამოკვებავს. ამრიგად, ეს წვრილი გლეხი, ისე როგორც წვრილი ხელოსანიც, არის მუშა, რომელიც თანამედროვე პროლეტარისაგან იმით განსხვავდება, რომ ჯერ კიდევ ფლობს თავისი შრომის საშუალებებს; მაშასადამე, ეს არის ნაშთი წარმოების ისეთი წესისა, რომელიც უკვე ჩაბარდა წარსულს. თავისი წინაპრისაგან, რომელიც იყო ყმა, დამოკიდებული, ან — იშვიათსა და გამონაკლის შემთხვევაში — თავისუფალი, მაგრამ ღალისა და საბატონო ბეგარის მოვალე გლეხი, იგი სამმხრივ განსხვავდება. ჯერ-ერთი, იმით, რომ საფრანგეთის რევოლუციამ იგი გაანთავისუფლა ფეოდალური გადასახადისა და ბეგარისაგან, რის ვალდებულიც ის მებატონის წინაშე იყო და უმრავლეს შემთხვევაში — რაინის მარცხენა ნაპირას მაინც — უზრუნველყო მისთვის გლეხური ნაკვეთი როგორც თავისუფალი საკუთრება. მეორეც, იმით, რომ მან დაკარგა მფარველი თვითმმართველი თემის სახით, რომლის წევრიც ის იყო და ამასთან ერთად დაკარგა თავისი წილიც იმ მიწებით სარგებლობის უფლებისა, რომლებიც წინათ თემს ეკუთვნოდა. სათემო მიწები გლეხს თაღლითურად წაართვა ნაწილობრივ მისმა ყოფილმა ფეოდალმა ბატონმა, ნაწილობრივ კი ლიბერალურმა, რომის სამართალზე დაფუძნებულმა ბიუროკრატიულმა კანონმდებლობამ, და ამით თანამედროვე წვრილ გლეხს შესაძლებლობა წაერთვა საკვების უყიდველად შეინახოს თავისი მუშა-პირუტყვი. მეურნეობრივად კი სათემო მიწებით სარგებლობის უფლების დაკარგვა ჭარბად აღემატება ფეოდალურ გადასახადთა გაუქმებას. განუწყვეტლივ იზრდება იმ გლეხების რიცხვი რომელთაც არ შეუძლიათ იყოლიონ საკუთარი მუშა პირუტყვი. მესამეც, დღევანდელი გლეხი იმით განირჩევა, რომ მან სანახევროდ დაჰკარგა თავისი წინანდელი პროდუქტიული სამუშაო. წინათ ის თავის ოჯახთან ერთად თვითონ აწარმოებდა მის მიერვე მოპოებული ნედლეულისაგან მრეწველობის იმ პროდუქტების მეტწილს, რაც მას ესაჭიროებოდა. მის დანარჩენ საჭიროებებს აკმაყოფილებდნენ მისი სოფლელი მეზობლები, რომლებიც მიწათმოქმედებასთან ერთად ხელოსნობასაც მისდევდნენ და საფასურს მეტწილად მათთვის გაცვლის წესით მიცემული პროდუქტებისა ანდა სამაგიეროდ გაწეული სამსახურის სახით იღებდნენ. ოჯახი, და კიდევ უფრო მეტად სოფელი თვითონ იკმაყოფილებდა თავს, ამზადებდა თითქმის ყველაფერს, რაც კი საჭირო იყო მისთვის. ეს თითქმის სრული ნატურალური მეურნეობა იყო, ფული შეიძლება ითქვას, სრულებით არ სჭირდებოდათ. კაპიტალისტურმა წარმოებამ ფულადი მეურნეობისა და მსხვილი მრეწველობის საშუალებით ბოლო მოუღო ამას და თუ სათემო მიწა გლეხის არსებობის პირველი ძირითადი პირობა იყო, სამრეწველო დამხმარე სარეწი მეორე ასეთ პირობას წარმოადგენდა. და აი გლეხიც თანდათანობით ღრმად ეფლობა გაჭირვებაში. გადასახადები, მოუსავლობა, მემკვიდრეებს შორის ქონების გაყოფა, სასამართლო პროცესები — ყოველივე ეს გლეხებს ერთიმეორის მიყოლებით მევახშისაკენ ერეკება. დავალიანება თანდათან სულ უფრო და უფრო ფართო ხასიათს იღებს და თვითეულისათვის სულ უფრო და უფრო მძიმე ხდება; ერთი სიტყვით, ჩვენი წვრილი გლეხი, ისე როგორც წარმოების დრომოჭმული წესის ყოველი გადმონაშთი, შეუჩერებლად დაღუპვისაკენ მიექანება. ის მომავალი პროლეტარია.
როგორც ასეთი, ის თითქოს სიამოვნებით უნდა უგდებდეს ყურს სოციალისტურ პროპაგანდას. მაგრამ ამას ჯერ-ჯერობით ხელს უშლის მის ძვალსა და რბილში გამჯდარი საკუთრების გრძნობა, და რაც უფრო უმძიმდება წვრილ გლეხს ბრძოლა თავისი პატარა, საფრთხეში მოქცეული მიწის ნაჭრისათვის, მით უფრო ჯიუტი თავგანწირვით ებღაუჭება იგი ამ მიწას, მით უფრო მეტად ხედავს იგი სოციალ-დემოკრატიაში, რომელიც ელაპარაკება მას მთელი საზოგადოების ხელში მიწის საკუთრების გადაცემაზე, ისეთივე საშიშ მტერს, როგორიც არის მევახშე და ადვოკატი. რა საშუალებებით უნდა ებრძოლოს სოციალ-დემოკრატია ამ ცრურწმენას? რა შეუძლია შესთავაზოს მან ამ დაღუპვის გზაზე დამდგარ წვრილ გლეხს ისე, რომ არ უღალატოს თავის თავს?
აქ ჩვენ, მარქსისტული მიმართულების ფრანგი სოციალისტების აგრარული პროგრამის სახით, პრაქტიკული საყრდენი წერტილი გვაქვს, და ეს პროგრამა მით უფრო საყურადღებოა, რომ იგი წვრილი გლეხური მეურნეობის კლასიკური ქვეყნიდან მომდინარეობს.
1892 წელს მარსელის კონგრესზე მიღებულ იქნა პარტიის პირველი აგრარული პროგრამა. იგი უმიწაწყლო სასოფლო-სამეურნეო მუშებისათვის (ე. ი. მოჯამაგირეებისა და შინამოსამსახურეებისათვის) მოითხოვს: პროფესიული კავშირებისა და სათემო საბჭოების მიერ დაწესებულ ხელფასის მინიმუმს; სოფლის სარეწაო სასამართლოებს, სანახევროდ მუშებისაგან შემდგარს; სათემო მიწების გაყიდვის აკრძალვას და სახელმწიფო მიწების იჯარით გაცემას თემებისათვის, რომლებმაც მთელი ეს მიწა, თავისი საკუთარიცა და იჯარით აღებულიც — საერთო ძალღონით დასამუშავებლად უნდა გადასცენ სასოფლო-სამეურნეო მუშების უმიწაწყლო ოჯახების ასოციაციებს, ამასთან უნდა აიკრძალოს დაქირავებული მუშების მოხმარება და დაწესდეს თემის მხრივ კონტროლი; პენსიებს მოხუცებისა და ინვალიდებისათვის; ეს პენსიები უნდა იფარებოდეს მსხვილ მიწათმფლობელობაზე შეწერილი საგანგებო გადასახადით.
წვრილი გლეხებისათვის, რომლებსაც აქ მოიჯარეებსაც აკუთვნებენ, პროგრამა მოითხოვს: თემის მიერ სასოფლო-სამეურნეო მანქანების შეძენას გლეხებისათვის მისაქირავებლად თვითღირებულების მიხედვით; გლეხთა ამხანაგობების დაარსებას სასუქის, სადრენაჟო მილების, თესლისა და სხვათა საყიდლად და პროდუქტების გასაყიდად; მოსპობას გადასახადისა, რასაც ახდევინებენ ერთი კაცის ხელიდან მეორის ხელში მიწის ისეთი ნაკვეთის გადასვლის დროს, რომელთა ღირებულება 5000 ფრანკს არ აღემატება; ირლანდიური ნიმუშის მიხედვით საშუამდგომლო სასამართლოების დაარსებას მეტისმეტად დიდი საიჯარო ფასების დასაწევად და იმისათვის, რომ სამუშაოდან წამსვლელ მოიჯარეებსა თუ მოზიარეებს (metayers) აუნაზღაურდეს მათი შრომის შედეგად მომხდარი მიწის ნაკვეთის ღირებულების აწევა; გაუქმებას სამოქალაქო კანონთა კოდექსის 2102 მუხლისა, რომელიც მიწათმფლობელს მოსავალზე ყადაღის დადების უფლებას აძლევს, და მევალეებისათვის მოუმკელი პურის გირაოდ აღების უფლების აკრძალვას; აკრძალვას სამიწათმოქმედო იარაღების, მოსავლის, თესლის, სასუქის, მუშა-პირუტყვის — ერთი სიტყვით, ყოველივე იმის გირაოდ აღებისა, რაც გლეხს თავისი მეურნეობის გასაძღოლად ესაჭიროება; მიწების უკვე მოძველებული საერთო დავთარის რევიზიის მოხდენას, ჯერ-ჯერობით კი ადგილობრივ რევიზიას თვითეულ თემში; დასასრულ პროგრამა მოითხოვს უფასო სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო განათლებას და კვლევითი სასოფლო-სამეურნეო სადგურების დაარსებას.
ჩვენ ვხედავთ, რომ გლეხთა ინტერესების სასარგებლოდ პროგრამა — მუშებისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს ჩვენ აქ ჯერჯერობით არ შევეხებით — არც თუ ისე შორს მიდის. ამ მოთხოვნათა ნაწილი სხვა ქვეყნებში უკვე განხორციელებულია. საშუამავლო სასამართლოები მოიჯარეებისათვის გარკვეულად ირლანდიური ნიმუშის მიხედვით ეწყობა. გლეხთა ამხანაგობანი უკვე არსებობენ რაინისპირა ოლქებში. დავთრების რევიზია მთელი დასავლეთ ევროპის ლიბერალებისა და თვით ბიუროკრატებისათვისაც კი მუდმივი კეთილი სურვილია. პროგრამის დანარჩენი მუხლებიც შეიძლება ასევე განხორციელდეს არსებული კაპიტალისტური წყობილებისათვის რაიმე დიდი ზიანის მიუყენებლად. ამას ჩვენ ვამბობთ მხოლოდ პროგრამის დასახასიათებლად, სრულებითაც არა მისდამი სასაყვედუროდ, — პირიქით.
ამ პროგრამის შემწეობით პარტიამ ისეთ წარმატებებს მიაღწია საფრანგეთის სხვა და სხვა კუთხის გლეხობაში, რომ — თანახმად ანდაზისა: მადა ჭამის დროს მოდისო — ჩვენმა ფრანგმა ამხანაგებმა მოინდომეს გლეხების გემოვნებასთან პროგრამის კიდევ უფრო მეტი შეგუება. ამასთან ისინი, რა თქმა უნდა, გრძნობდნენ რომ ეს გზა სახიფათოა. განა შეიძლება დაეხმარო გლეხს, — არა როგორც მომავალ პროლეტარს, არამედ როგორც ახლანდელ გლეხ-მესაკუთრეს, — ისე, რომ არ დაარღვიო საერთო სოციალისტური პროგრამის ძირითადი პრინციპები? ასეთი საწინააღმდეგო აზრის თავიდან ასაცილებლად, პროგრამის ახალ პრაქტიკულ წინადადებებს წაემძღვარა თეორიული დასაბუთება, რითაც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ წარმოების კაპიტალისტური წესის დროს წვრილი გლეხური საკუთრების დაცვა დაღუპვისაგან სოციალიზმის პრინციპს შეადგენსო, თუმცა თვით ავტორებისთვისაც სავსებით ნათელია, რომ ეს დაღუპვა აუცილებელია. სწორედ ამ დასაბუთებას, ისევე როგორც თვით ნანტის კონგრესზე ამა წლის სექტემბერში მიღებულ მოთხოვნებს, განვიხილავთ ჩვენ ახლა უფრო ახლოს.
დასაბუთება ასე იწყება:
“მუშათა პარტია მხედველობაში იღებს, რომ პარტიის საერთო პროგრამის ზუსტი მნიშვნელობის თანახმად, მწარმოებლები მხოლოდ იმდენად შეიძლება თავისუფალნი იყვნენ, რამდენადაც მათ წარმოების საშუალებანი მოეპოვებათ”;
“მუშათა პარტია მხედველობაში იღებს, რომ თუ მრეწველობის დარგში წარმოების ეს საშუალებანი უკვე იმდენად არის კაპიტალისტურად ცენტრალიზებული, რომ მხოლოდ კოლექტიური ან საზოგადოებრივი ფორმით შეიძლება დაუბრუნდეს მწარმოებლებს, სრულიად სხვაგვარადაა საქმე — ყოველ შემთხვევაში თანამედროვე საფრანგეთში მაინც — სოფლის მეურნეობის დარგში, სადაც წარმოების საშუალებანი, სახელდობრ, მიწა, ძალიან ბევრ ადგილას ჯერ კიდევ ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ცალკეულ მწარმოეგბელთა ხელში;
“მუშათა პარტია მხედველობაში იღებს, რომ ეს მდგომარეობა, რომელიც პარცელური საკუთრებით ხასიათდება, მართალია, გარდუვალად უნდა დაიღუპოს (est fatalement appelé à disparaître), მაგრამ მიუხედავად ამისა, სოციალიზმი მაინც არ არის მოწოდებული დააჩქაროს ეს დაღუპვა, რადგან მისი ამოცანა ხომ იმაში არ მდგომარეობს, რომ საკუთრება გამოაცალკევოს შრომისაგან, არამედ, პირიქით, იმაში, რომ ერთ და იმავე ხელში შეაერთოს ყოველი წარმოების ორივე ეს ფაქტორი, რომელთა გაყოფას შედეგად მოსდევს პროლეტარებად ქცეულ მუშაკთა მონობა და სიღატაკე
“მუშათა პარტია მხედვილობაში იღებს, რომ თუ ერთი მხრივ, სოციალიზმის ვალია კვლავ დაუმკვიდროს მიწის დამმუშავებელ პროლეტარებს — კოლექტიური თუ საზოგადოებრივი ფორმით — მსხვილი მამულების მფლობელობა მათი ახლანდელი მუქთახორა მესაკუთრეების ექსპროპრიაციის შემდეგ, მეორე მხრივ, სოციალიზმის მეორე, არანაკლებ გადაუდებელი ვალია ის, რომ ხაზინის, მევახშისა და ახლადწარმოშობილ მსხვილ მემამულეთა მხრივ ხელყოფის წინააღმდეგ მხარი დაუჭიროს საკუთარი შრომით მცხოვრებ გლეხთა მიწის წვრილ მფლობელობას.
“მუშათა პარტია მხედველობაში იღებს, რომ ასევე მიზანშეწონილია ეს დაცვა გავრცელდეს იმ მწარმოებლებზედაც, რომლებიც სხვის მიწას ამუშავებენ როგორც მოიჯარენი და მოზიარენი (métayers) და რომლებიც, იმ შემთხვევაშიაც კი, როდესაც თვითონვე დაქირავებული მუშის ექსპლოატაციას ეწევიან, ამას მათ რამდენადმე აიძულებს ის ექსპლოატაცია, რომელიც თვითონ აწევთ ტვირთად, –
“მუშათა პარტიამ, რომელიც წინააღმდეგ ანარქისტებისა, საზოგადოებრივი წყობილების გარდაქმნის იმედებს ამყარებს არა სიღატაკის ზრდასა და გავრცელებაზე, არამედ მოელის შრომისა და მთელი საზოგადოების განთავისუფლებას მხოლოდ ქალაქისა და სოფლის მუშების დარაზმვისა და მათი ძალღონის შეერთებისაგან, იმისაგან, რომ ისინი თავის ხელში აიღებენ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ძალაუფლებას, — ამ მუშათა პარტიამ შემდეგი აგრარული პროგრამა მიიღო, რათა მისი საშუალებით საერთო მტრის, — მიწათმფლობელური ფეოდალიზმის — წინააღმდეგ საერთო ბრძოლისათვის გააერთიანოს სოფლის წარმოების ყველა ელემენტი და ყველა სახის საქმიანობა, რომლებიც სხვადასხვა იურიდიული საფუძველით ნაციონალურ ნიადაგს ამუშავებენ”.
უფრო ახლო განვიხილოთ ეს დასაბუთება:
უწინარეს ყოვლისა ფრანგული პროგრამის ის დებულება, რომ მწარმოებელთა თავისუფლების წანამძღვარს წარმოების საშუალებათა ფლობა წარმოადგენს, აქვე უნდა შეივსოს აბზაცით იმის შესახებ, რომ წარმოების საშუალებათა ფლობა მხოლოდ ორი ფორმითაა შესაძლებელი — ინდივიდუალური მფლობელობის ფორმით, რომელიც არასოდეს და არსად არ არსებულა ყველა მწარმოებლისათვის საერთო მოვლენის სახით და რომელსაც სამრეწველო პროგრესი დღითიდღე სულ უფრო და უფრო გამორიცხავს, ანდა კოლექტიური მფლობელობის სახით, ე. ი. იმ ფორმით, რომლის მატერიალური და ინტელექტუალური წანამძღვრები უკვე შექმნილია თვით კაპიტალისტური საზოგადოების განვითარებით; და რომ, მაშასადამე საჭიროა პროლეტარიატის განკარგულებაში არსებული ყველა საშუალებით ვიბოძოლოთ იმისათვის, რომ წარმოების საშუალებანი კოლექტიურ მფლობელობაში გადავიდნენ.
ამრიგად, წარმოების საშუალებათა კოლექტიური მფლობელობა აქ წამოყენებულია, როგორც ერთადერთი მთავარი მიზანი, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ, და არა მარტო მრეწველობის დარგში, სადაც ნიადაგი უკვე მომზადებულია, არამედ ყველგან, მაშასადამე — მიწათმოქმედებაშიც. პროგრამის თანახმად ინდივიდუალური მფლობელობა არასოდეს და არსად არ არსებულა ყველა მწარმოებელთათვის საერთო მოვლენის სახით; სწორედ ამიტომ და აგრეთვე იმიტომაც, რომ სამრეწველო პროგრესს უამისოდაც ინდევიდუალური მფლობელობა მოსპობისაკენ მიყავს, სოციალიზმი დაინტერესებულია სრულიადაც არა მის მხარდაჭერაში, არამედ მის მოსპობაში, იმიტომ რომ იქ, სადაც და რანდენადაც იგი არსებობს, კოლექტიური მფლობელობა შეუძლებელი ხდება. თუ კი პროგრამას იმოწმებ, მაშინ უნდა დაიმოწმო მთლიანად მთელი პროგრამა, რაც არსებითად სცვლის ნანტის კონგრესის ციტირებულ დებულებას, ვინაიდან მარტოოდენ ეს პროგრამა განსაზღვრავს ამ დებულებაში გამოთქმულ ზოგად-ისტორიულ ჭეშმარიტებას ისეთი პირობებით, რომლებშიც მხოლოდ შეუძლია ახლა ამ ჭეშმარიტებას შეინარჩუნოს ძალა დასავლეთ ევროპისა და ჩრდილო ამერიკისათვის.
წარმოების საშუალებათა ფლობა ცალკეული მწარმოებლების მიერ უკვე ვეღარ ანიჭებს მათ ნამდვილ თავისუფლებას. ხელოსნობა ქალაქებში უკვე განადგურებულია, ხოლო ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც ლონდონია, იგი სრულიადაც გამქრალია, შეცვლილია მსხვილი მრეწველობით, ოფლის გამოწურვის სისტემით და უბადრუკი გაიძვერობით, რომელთათვის გაკოტრება არსებობის საშუალებაა. წვრილი გლეხი, რომელიც თავისი შრომით ცხოვრობს, არც უზრუნველყოფილია თავისი მიწის ნაქრის ფლობის მხრივ და არც თავისუფალია. ის, ასევე მისი სახლიც, მისი კარმიდამოცა, მინდორ-ველიც მევახშეს ეკუთვნის; მისი არსებობა უფრო არასაიმედოა, ვიდრე პროლეტარისა, რომელსაც იშვიათად მაინც აქვს.უშფოთველი დღეები, რასაც მუდამ მოკლებული არიან დავალიანებით ტანჯული მონები. ამოშალეთ სამოქალაქო კანონთა კოდექსის 2102 მუხლი, უზრუნველჰყავით გლეხები სამიწათმოქმედო იარაღებით, საქონლით და სხვ. კანონით განუსხვისებადი ინვენტარით — და თქვენ მაინც ვერ იხსნით მას იმ გამოუვალი მდგომარეობიდან, როცა ის იძულებულია “ნებაყოფლობით” გაჰყიდოს თავისი პირუტყვი, მევახშეს მიჰყიდოს თავისი საკუთარი თავი, სხეულიც და სულიც, რათა ერთი წუთით გაიგრძელოს ვალის გადახდის ვადა. თქვენი ცდა — დაიცვათ წვრილი გლეხბის საკუთრება, მის თავისუფლებას კი არ იცავს, არამედ მხოლოდ მონობის განსაკუთრებულ ფორმას; იგი აჭიანურებს ისეთ მდგომარეობას, რომელშიც მას არც სიცოცხლე შეუძლია, და არც სიკვდილი, ამიტომ თქვენი პროგრამის პირველ აბზაცზე მითითება აქ სრულებით უადგილოა.
დასაბუთებაში ნათქვამია, რომ თანამედროვე საფრანგეთში წარმოების საშუალებანი, სახელდობრ, მიწა, ძალიან ბევრ ადგილს ჯერ კიდევ ცალკეული მწარმოებლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო სოციალიზმის ამოცანა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ საკუთრება შრომისაგან გამოაცალკევოს, არამედ, პირიქით, იმაში, რომ ყოველი წარმოების ორივე ეს ფაქტორი ერთსა და იმავე ხელში შეაერთოს. — როგორც უკვე აღინიშნა, ეს უკანასკნელი, ამგვარი ზოგადი სახით, არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს სოციალიზმის ამოცანას; უფრო მეტიც, სოციალიზმის ამოცანა მხოლოდ ის არის, რომ წარმოების საშუალებანი კოლექტიურ მფლობელობაში გადაეცეს მწარმოებლებს. როგორც კი უგულებელვყოფთ ამას, ზემოხსენებული დებულება უმალვე იმ მცდარ აზრამდე მიგვიყვანს, თითქოს სოციალიზმი მოწოდებული იყოს წვრილი გლეხის ახლანდელი მოჩვენებითი მფლობელობა მინდორ-ველებისა, ნამდვილ საკუთრებად გადააქციოს, ე. ი. წვრილი მოიჯარე მესაკუთრედ გახადოს, ხოლო ვალებში ჩაფლული მესაკუთრე ვალებისაგან გაანთავისუფლოს. სოციალიზმი, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია იმით, რომ გლეხური საკუთრების ეს ყალბი გარეგნობა გაჰქრეს ოღონდ ამ გზით კი არა.
ყოველ შემთხვევაში, საქმე იქამდე მივიდა, რომ პროგოამის იმ ნაწილში, სადაც მოყვანილია დასაბუთება, შესაძლებელი გახდა განაცხადონ, რომ სოციალიზმის ვალია, და თანაც აუცილებელი ვალიც,
“საკუთარი შრომით მცხოვრებ გლეხთა მიწის წვრილი მფლობელობა ხაზინის, მევახშისა და ახლადწარმოშობილ მსხვილ მემამულეთა მხრივ ხელყოფისაგან დაიცვას”.
ამით დასაბუთება სოციალიზმის აუცილებელ მოვალეობად აცხადებს გაატაროს ისეთი რამ, რაც წინა აბზაცში მან შეუძლებლად აღიარა. იგი ავალებს სოციალიზმს “დაიცვას” გლეხის პარცელური საკუთრება, თუმცა თვითონვე აცხადებს, რომ ეს საკუთრება “გარდაუვალად დასაღუპავადაა განწირულიო”. ხაზინა, მევახშე, ახლადწარმოშობილი მსხვილი მემამულეები, სხვა რა არის ეს თუ არა ის იარაღი, რომლითაც კაპიტალისტური წარმოება ამ გარდაუვალ დაღუპვას ანხორციელებს? თუ რა საშუალებებით უნდა დაეცვა “სოციალიზმს” გლეხი ამ სამებისაგან, ამას ჩვენ ქვემოთ დავინახავთ.
მაგრამ საჭიროა არა მარტო წვრილი გლეხის საკუთრების დაცვა.
“ასევე მიზანშეწონილია, ეს დაცვა გავრცელდეს იმ მწარმოებლებზედაც, რომლებიც სხვის მიწას ამუშავებენ როგორც მოიჯარენი თუ მოზიარენი (metayers) და რომლებიც იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თვითონვე დაქირავებული მუშის ექსპლოატაციას ეწევიან, ამას მათ რამდენადმე აიძულებს ის ექსპლოატაცია, რომელიც თვითონ აწევთ ტვირთად”.
აქ ჩვენ უკვე სავსებით მერყევ ნიადაგზე გადავდივართ. სოციალიზმი მიმართულია სპეციალურად დაქირავებული შრომის ექაპლოატაციის წინააღმდეგ. აქ კი სოციალიზმის გადაუდებელ ამოცანად გამოცხადებულია იმ ფრანგი მოიჯარეებს დაცვა, რომელნიც “დაქირავებული მუშის ექსპლოატაციას ეწევიან”, — ასეა სიტყვასიტყვით ნათქვამი! და ეს იმიტომ, რომ ამ მოიჯარეებს რამდენადმე აიძულებს “ექსპლოატაცია, რომელიც თვითონ აწევთ ტვირთად”.
რა ადვილი და სასიამოვნოა თავქვე დაშვება, თუ კი ერთხელ ფეხი შედგი დაქანებულ სიბრტყეზე! მერე და, ფრანგ სოციალისტებთან რომ გერმანელი მსხვილი და საშუალო გლეხი მივიდეს და სთხოვოს მიშუამდგომლე გერმანიის პარტიის გამგეობის წინაშე, რათა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დამიცვას მოჯამაგირე კაცების და ქალების ექსპლოატაციის საქმეშიო და საამისოდ მოიმიზეზოს ის “ექსპლოატაცია, რომელიც თვითონ აწევს ტვირთად” მევახშის, გადასახადის ამკრეფის, პურის სპეკულანტისა და პირუტყვით მოვაჭრის მხრივ, — რას უპასუხებენ ისინი ამ გლეხს? ანდა ვინაა იმის თავდები, რომ ჩვენი მსხვილი აგრარიებიც არ გაუგზავნიან მათ გრაფ კანიცს (მანაც ხომ ანალოგიური წინადადება შეიტანა პურის იმპორტის გასახელმწიფოებრივების შესახებ), რათა აგრეთვე თხოვონ სოციალისტებს დაცვა სოფლის მუშების ექსპლოატაციის საქმეში და საამისოდ მოიმიზეზოს ის “ექსპლოატაცია, რომელიც თვითონ აწევთ ტვირთად” ბირჟის, მევახშის, პურის სპეკულანტის მხრივ?
თუმცაღა აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ფრანგ მეგობრებს არ ჰქონიათ ისეთი ბოროტი განზრახვები, როგორც ეს შეიძლება მოგვეჩვენოს. ზემოხსენებულ აბზაცში მხედველობაშია მხოლოდ ერთი სრულიად განსაკუთრებული შემთხვევა, სახელდობრ, შემდეგი: საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ისევე როგორც ჩვენს შაქრის ჭარხლის რაიონებში, გლეხებს მიწებს იჯარით აძლევენ ვალდებულებით — მეტად მძიმე პირობებში მოიყვანონ შაქრის ჭარხალი: ამ გლეხებმა ჭარხალი უნდა გარკვეულ ქარხანას მიჰყიდონ და ისიც იმ ფასში, რასაც ეს ქარხანა დააწესებს, უნდა იყიდონ განსაზღვრული თესლი, გამოიყენონ მტკიცედ დაწესებული სასუქის განსაზღვრული რაოდენობა და ყოველივე ამასთან ერთად ჭარხლის ჩაბარების დროს ამ გლეხებს უსინდისოდ ატყუებენ. ყეელაფერი ეს ჩვენ კარგად ვიცით გერმანიაშიც. მაგრამ თუ ფრანგ სოციალისტებს სურდათ გამოჰქომაგებოდნენ სწორედ ამ თანრიგის გლეხებს, მაშინ მათ ეს პირდაპირ და გარკვეულად უნდა ეთქვათ. მაგრამ იმ სახით, რა სახითაც ეს დებულება მოცემულია ასეთი უსაზღვროდ ზოგადი ფორმულირებით, ეს აბზაცი პირდაპირი დარღვევაა არა მარტო საფრანგეთის სოციალისტების პროგრამისა, არამედ სოციალიზმის ძირითადი დებულებისაც საზოგადოდ, და მაშინ მისმა ავტორებმა დაე თავიანთ თავს დააბრალონ, თუკი ეს დაუდევარი რედაქცია ყოველმხრივ იქნება გამოყენებული მათთვის არასასურველი აზრით.
ასეთივე ყალბი მნიშვნელობით შეიძლება გაგებულ იქნეს დასაბუთების დასკვნითი სიტყვები, რომელთა მიხედვით მუშათა სოციალისტური პარტიის ამოცანაა
“გააერთიანოს საერთო მტრის — მიწათმფლობელი ფეოდალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სოფლის წარმოების ყველა ელემენტი და ყოველგვარი საქმიანობა, რომლებიც სხვა და სხვა იურიდიული საფუძვლით სარგებლობას იღებენ ნაციონალურ მიწა-წყლიდან”.
მე გადაჭრით უარვყოფ იმას, თითქოს რომელიმე ქვეყნის მუშათა სოციალისტური პარტიის წინაშე იდგეს ამოცანა — მიიღონ თავიანთ წრეში, გარდა სოფლის პროლეტარებისა და წვრილი გლეხებისა, აგრეთვე საშუალო და მსხვილი გლეხობაც, ანდა მსხვილი მამულების მოიჯარეებიც კი, კაპიტალისტური მესაქონლენი და ნაციონალური მიწა-წყლის დანარჩენი კაპიტალისტური ექსპლოატატორები. დაე ფეოდალური მიწათმფლობელობა ყველა მათთვის საერთო მტერი იყოს. ჩვენ შეგვიძლია გარკვეულ საკითხებში მათთან ერთად ვიაროთ, ჩვენ შეგვიძლია გარკვეული მიზნებისათვის ერთხანს მათთან მხარდამხარ ვიბრძოლოთ. ჩვენ პარტიაში ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ცალკეული პირები ყოველი საზოგადოებრივი კლასებიდან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია მივიღოთ საერთო ინტერესებით დაკავშირებული ჯგუფები კაპიტალისტებისა, საშუალო ბურჟუაზიისა ან საშუალო გლეხებისა. აქაც არც თუ ასეთი ბოროტი განზრახვაა ჩვენი ავტორებისა, როგორც ეს გვეჩვენება; ყოველივე ამის შესახებ ისინი უთუოდ არც კი დაფიქრებულან; მაგრამ, სამწუხაროდ, განზოგადოებით გატაცებამ ისინი წაიტყუა და ამიტომ ნუღარ უკვირთ, რომ მათ მათსავე სიტყვაში იჭერენ.
დასაბუთებას მოსდევს ახალი დამატებანი პროგრამისადმი. მათ ასეთივე დაუდევარი რედაქცია ახასიათებთ, როგორც თვით დასაბუთებას.
ის მუხლი, რომლის მიხედვითაც თემებმა სასოფლო-სამეურნეო მანქანები უნდა შეიძინონ და თვითღირებულებით გლეხებს მიაქირაონ, იმ მხრივ იცვლება, რომ, ჯერ-ერთი, ეს თემები ამ მიზნით სახელმწიფოსაგან სუბსიდიებს ღებულობენ და, მეორეც, მათ მანქანები უფასოდ უნდა დაუთმონ წვრილ გლეხებს. ეს შემდგომი დათმობა სრულებითაც ვერ მოუტანს რაიმე დიდ სარგებლობას ამ წვრილ გლეხებს, რომელთა სახნავ-სათესი და თვით მეურნეობის გაძღოლის წესი მანქანების გამოყენების მხოლოდ მცირეოდენ საშუალებას იძლევა.
შემდეგ:
“ყველა არსებული არაპირდაპირი თუ პირდაპირი გადასახადების მაგივრად ერთიანი პროგრესიული გადასახადის შემოღება ყოველ შემოსავალზე, რომელიც 3000 ფრანკს აღემატება”.
ასეთი მოთხოვნა უკვე მრავალი წელია გვხვდება თითქმის ყველა სოციალ-დემოკრატიულ პროგრამაში. მაგრამ ის გარემოება, რომ ამ მოთხოვნას სპეციალურად წვრილი გლეხის ინტერესებისათვის აყენებენ, ახალი რამეა და მხოლოდ იმას ამტკიცებს თუ რა ცუდად არის გაგებული მისი ნამდვილი მნიშვნელობა. ავიღოთ, მაგალითად, ინგლისი. სახელმწიფო ბიუჯეტი იქ 90 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. აქეჯან 13½ მილიონიდან 14 მილიონამდე გირვანქა სტერლინგს იძლევა საშემოსავლო გადასახადი, ხოლო დანარჩენ 76 მილიონიდან მხოლოდ მცირე ნაწილი საწარმოთა (ფოსტა, ტელეგრაფი, შტემპელის მოსაკრებელი) დაბეგვრისაგან შემოდის, მაგრამ უდიდესი ნაწილი შემოდის მასობრივი მოხმარების საგნებზე დადებული გადასახადებისაგან, იმ გზით, რომ ყოველ ნაბიჯზე წვრილ- წვრილად შეუმჩნეველი, მაგრამ საერთო ჯამში მრავლი მილიონის მომცემი ოდენობით — ჰკვეცენ ყველა მოქალაქეთა შემოსავალს, უმთავრესად კი ღარიბებისას. და არა გვგონია თანამედროვე საზოგადოებაში არსებობდეს სხვა საშუალებებით სახელმწიფო ხარჯების დაფარვის შესაძლებლობა. ვთქვათ, ინგლისში მთელი ეს 90 მილიონი იკრიფება 120 გირვ. სტ. (3 000 ფრანკი) და კიდევ მეტ შემოსავალზე შეწერილი პირდაპირი პროგრესიული გადასახადის საშუალებით. საშუალო წლიური დანაგროვი, მთელი ნაციონალური სიმდიდრის ყოველწლიური მატება, გიფენის მიხედვით, 1865-1875 წლებში 240 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. დავუშვათ, რომ ახლა ეს მატება 300 მილიონს უდრის წელიწადში; ამ შემთხვევაში 90 მილიონი საგადასახადო ტვირთი მთელი დანაგროვის თითქმის მესამედს შთანთქავდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არც ერთ მთავრობას, გარდა სოციალისტურისა, არ შეუძლია რაიმე ამის მსგავსის გატარება; ხოლო, როდესაც ხელისუფლების საჭეს სოციალისტები აიღებენ, მათ მოუხდებათ ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელთა გვერდით ეს საგადასახადო რეფორმა მხოლოდ დროებითი, სრულიად უმნიშვნელო ნაწილობრივი ავანსის გადასახადის როლს შეასრულებს, ხოლო წვრილი გლეხების წინაშე სულ სხვა პერსპექტივები გადაიშლება.
პროგრამის ავტორები, როგორც ჩანს თვითონაც მიხვდნენ, რომ გლეხებს დიდხანს მოუხდებოდათ ამ საგადასახადო რეფორმის ლოდინი და ამიტომ “ჯერ-ჯერობით” (en attendant) გლეხებს სთავაზობენ:
“მოისპოს მიწის გადასახადი ყველა იმ გლეხისათვის, ვინც თავისი შრომით ცხოვრობს, და შემცირდეს ეს გადასახადი ყველა დაგირავებული მიწისათვის”.
— ამ მოთხოვნის მეორე ნაწილი შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ უფრო მსხვილ გლეხურ ნაკვეთებზე, რომელთა დამუშავება შეუძლებელია ცალკეული ოჯახის ძალღონით; ამრიგად, იგი ხელსაყრელია ისევ იმ გლეხებისათვის, რომლებიც “დაქირავებული მუშის ექსპლოატაციას ეწევიან”.
შემდეგ:
“ნადირობისა და თევზის ჭერის სრულიად შეუზღუდველი თავისუფლება, ოღონდ იმ ერთი პირობით, რომ დაზოგვით მოეპყრან ნადირს, თევზსა და ნათესს”.
ეს ძლიერ პოპულარულად ჟღერს, მაგრამ წინადადების მეორე ნაწილი აბათილებს წინა ნაწილს. განა ახლაც კი ბევრი კურდღელი, კაკაბი, ქარიყლაპია და ჭანარი მოუდის მთელ სოფელში თვითეული გლეხის ოჯახს? განა იმდენი მოდის, რომ შეიძლებოდეს თვითეულ გლეხს წელიწადში სანადიროდ და სათევზაოდ ერთ დღეზე მეტი ერგოს?
“დაკანონებული და ჩვეულებრივი სარგებლის შემცირება”
— მაშასადამე, ახალი კანონები მევახშის წიხააღმდეგ, ახალი ცდა იმ პოლიციური ღონისძიების გასატარებლად, რომელიც ორი ათასი წლის მანძილზე ყველგან და ყოველთვის მარცხს განიცდიდა. თუ წვრილი გლეხი ისეთ მდგომარეობაში ვარდება, რომ მისთვის მევახშისადმი მიმართვა ნაკლები ბოროტებაა, მაშინ მევახშეც ყოველთვის გამონახავს საშუალებას — ისე გამოსწოვოს მას სისხლი, რომ აიცილოს მევახშეობის წინააღმდეგ მიმართული კანონის მოქმედება. ამ ღონისძიებას, უკეთეს შემთხვევაში, შეუძლია გული დაუმშვიდოს გლეხს, სარგებლობა კი არავითარი არ მოაქვს მისთვის; პირიქით, იგი სწორედ მაშინ გაუძნელებს მას კრედიტს, როდესაც გლეხისთვის ის უაღრესად საჭირო იქნება.
“უფასო სამკურნალო დახმარება და წამლების მიწოდება თვითღირებულებითა”
— ეს ყოველ შემთხვევაში სპეციალურად გლეხური მოთაოვნა არ არის; გერმანული პოოგოამა უფრო შორს მიდის და მოითხოვს აგრეთვე უფასო წამლებსაც.
“გაწვეულ მეთადარიგე ჯარისკაცთა ოჯახებისათვის საზღაურის მიცემა ამ ჯარისკაცთა მთელი სამსახურის დროის განმავლობაში”
— უკვე მოქმედებს გერმანიასა და ავსტრიაში, თუმცა მეტად არა დამაკმაყოფილებელი სახით, და ესეც არაა აგრეთვე სპეციალური გლეხური მოთხოვნა.
“სასუქის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების და პროდუქტების გადასაზიდი ტარიფის შემცირება”
— ძირითადად უკვე გატარებულია გერმანიაში, მაგრამ, უმთავრესად... მსხვილ მიწისმფლობელთა სასარგებლოდ.
“დაუყოვნებლივი მოსამზადებელი მუშაობა იმისათვის, რომ შედგენილი იქნეს გეგმა საზოგადოებრივი სამუშაოებისა ნიადაგის გასაუმჯობესებლად და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ასამაღლებლად”;
ყოველივე ეს ბუნდოვანი სიტყვების და მშვენიერი დაპირებების ფარგლებს არ სცილდება და უწინარეს ყოვლისა, აგრეთვე მსხვილი მიწათმფლობელობის ინტერესებს ემსახურება.
ერთი სიტყვით, მთელი ამ მრავლისაღმთქმელი თეორიული დასაბუთების შემდეგ ახალი აგრარული პროგრამის პრაქტიკული წინადადებები, სრულებით ვერ გვიხსნიან თუ როგორ შესძლებს საფრანგეთის მუშათა პარტია ხელი შეუწყოს წვრილ გლეხს, რათა მან შეინარჩუნოს თავისი პარცელური საკუთრება, რაც მისივე გამოთქმით, გარდუვალად დასაღუპავად არის განწირული.
ერთ საკითხში ჩვენი ფრანგი ამხანაგები, უეჭველად, მართალნი არიან: წვრილი გლეხის ნება-სურვილის წინააღმდეგ რაიმე მტკიცე გადატრიალება საფრანგეთში შეუძლებელია. ოღონდ, მე მგონია, რომ იმისათვის, რათა გლეხთან დაახლოვებულიყვნენ, ამ ამხანაგებმა საქმეს ხელი სწორად ვერ მოჰკიდეს.
როგორც ეტყობა, ისინი გამოდიან იმ მისწრაფებიდან, რომ დაუყოვნებლივ მიიმხრონ გლეხი თავიანთ მხარეს და შეძლებისდაგვარად უახლოეს საერთო არჩევნებშიც კი. ამის მიღწევას ისინი იმედოვნებენ მხოლოდ ძლიერ გაბედული ფართო დაპირებებით, რომელთა დასასაბუთებლად ისინი იძულებულნი არიან კიდევ უფრო გაბედული თეორიული მოსაზრებანი მოიშველიონ. მაგრამ უფრო ახლოს თუ ჩაუკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ეს ფართო დაპირებები თავის თავს ეწინააღმდეგებიან (დაპირება ისეთი მდგომარეობისათვის ხელისშეწყობისა, რომლის შესახებაც თვითონვე აცხადებენ, რომ გარდუვალად დასაღუპავადაა განწირულიო) და რომ ცალკეული ღონისძიებები ან სრულებით არ შეიძლება პრაქტიკულად განხორციელდნენ (კანონები მევახშეობის შესახებ), ან — ისინი წარმოადგენენ მუშების საერთო მოთხოვნებს, ან სასარგებლონი არიან აგრეთვე მსხვილი მიწათმფლობელობისთვისაც, ანდა, ბოლოს, მათ სულაც არა აქვთ სერიოზული მნიშვნელობა წვრილი გლეხისათვის; ასე რომ პროგრამის წმინდა პრაქტიკული ნაწილი თვითონვე ასწორებს შემცდარ შესავალს და გარეგნულად საშინელი მაღალფარდოვანი სიტყვები დასაბუთებისა საქმით უწყინარ ღონისძიებებამდე დაჰყავს.
პირდაპირ ვიტყვით: იმ ცრურწმენების არსებობის გამო, რომლებიც გამომდინარეობენ გლეხის ეკონომიური მდგომაოეობიდან, მისი აღზრდიდან, კარჩაკეტილი ცხოვრებიდან და რომელთაც ხელს უწყობენ ბურჟუაზიული პრესა და მსხვილი მიწათმფლობელები, ჩვენ მხოლოდ მაშინ შევძლებთ დაუყოვნებლივ მივიმხროთ წვრილ გლეხთა მასა, თუ მათ იმას დავპირდებით, რისი შესრულებაც ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ არ შეგვიძლია, სახელდობრ: ჩვენ უნდა დავპირდეთ არა მხოლოდ იმას, რომ დავიცავთ მათს საკუთრებას ყოველგვარ მდგომარეობაში, მათზე მოწოლილი ყველა ეკონომიური ძალის წინააღმდეგ, არამედ იმასაც, რომ გავანთავისუფლებთ იმ ჩაგვრისგანაც, რომელიც მათ ახლაც უკვე აწევთ კისრად: მოიჯარეს ვაქცევთ თავისუფალ მესაკუთრედ, ხოლო იპოთეკით წელში გაწყვეტილ მესაკუთრეს გავანთავისუფლებთ ვალებისაგან. ჩვენ კიდევაც რომ შეგვეძლოს ამის შესრულება, ამით ისევ იმ მდგომარეობას დავუბრუნდებოდით, საიდანაც კვლავ გარდაუვალი აუცილებლობით დღევანდელი მდგომარეობა განვითარდებოდა. ჩვენ კი არ გავანთავისუფლებდით გლეხს, არამედ მხოლოდ მცირე ხნით გადავდებდით მის დაღუპვას.
ჩვენ ინტერესებს სრულებითაც არ შეადგენს ის, რომ მივიმხროთ გლეხი დღეს, რათა ხვალ იგი კვლავ ჩამოგვშორდეს, როცა არ შეგვიძლია ჩვენი დაპირებების შესრულება. გლეხი, რომელიც ჩვენგან მისი პარცელური საკუთრების სამუდამოდ დამკვიდრებას მოითხოვს, არ გამოგვადგება ჩვენი პარტიის წევრად, ისევე როგორც წვრილი ხელოსანი ოსტატი, რომელსაც სურს სამუდამოდ დაიმკვიდროს თავისი მდგომარეობა როგორც ოსტატისა. ასეთი ადამიანების ადგილი ანტისემიტებშია. დაე წავიდნენ ისინი ანტისემიტებთან, დაე მიიღონ მათგან დაპირება, რომ ისინი დაიცავენ მათ წვრილ მეურნეობას; როდესაც ეს ადამიანები გაიგებენ, თუ რა მნიშვნელობა აქვთ ამ ბრწყინვალე ფრაზებს, თუ რა ჰანგებს უკრავენ ანტისემიტური ვიოლინები, მაშინ ისინი სულ უფრო და უფრო მიხვდებიან რომ ჩვენ, ვინც ნაკლებს ვპირდებით და სულ სხვა მიმართულებით ვეძებთ ხსნას უფრო საიმედო ხალხი ვართ. ფრანგებთან რომ ისეთი ანტისემიტური აურზაურიანი დემაგოგია ხდებოდეს, როგორც ჩვენთან ხდება, არა გვგონია მაშინ მათ ნანტის კონგრესის შეცდომა ჩაედინოთ.
მაშ, როგორია ჩვენი დამოკიდებულება წვრილი გლეხისადმი? და როგორ უნდა მოვექცეთ მას იმ დღეს, როცა ჩვენ ხელთ გადმოვა სახელმწიფო ძალაუფლება?
ჯერ-ერთი, სავსებით მართალია საფრანგეთის პროგრამის დებულება, ხომ ჩვენ წინასწარ ვხედავთ წვრილი გლეხის აუცილებელ დაღუპვას, მაგრამ სრულებითაც არ ვართ მოწოდებული დავაჩქაროთ იგი ჩვენი ჩარევით.
მეორეც, ასევე ცხადია, რომ მაშინ, როცა ჩვენ სახელმწიფო ძალაუფლებას დავიპყრობთ, ჩვენ არ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ძალით მოვახდინოთ წვრილი გლეხის ექსპროპრიაცია (სულერთია, ანაზღაურებით, თუ უამისოდ), როგორც ჩვენ იძულებული ვიქნებით მოვახდინოთ ეს მსხვილი მიწათმფლობელების მიმართ. ჩვენი ამოცანა წვრილი გლეხის მიმართ, უწინარეს ყოვლისა, ის არის, რომ მათი კერძო წარმოება და კერძო მფლობელობა საამხანაგო გავხადოთ, მაგრამ არა ძალით, არამედ მაგალითით და ამ მიზნით საზოგადოებრივი დახმარების შეთავაზებით. და აი მაშინ, ჩვენ, რა თქმა უნდა, უკვე საკმარისად გვექნება იმის საშუალებები, რათა ვუჩვენოთ წვრილ გლეხს ის სარგებლობა, რომელიც მისთვის ახლაც კი უკვე ნათელი უნდა იყოს.
უკვე თითქმის ამ ოცი წლის წინათ ამგვარივე გეგმები წამოაყენეს დანიის სოციალისტებმა, რომელთა ქვეყანაში, ნამდვილად რომ ითქვას, მხოლოდ ერთი ქალაქია — კოპენჰაგენი, ასე რომ ამ ქალაქის გარდა პროპაგანდის წარმოება მათ თითქმის მხოლოდ და მხოლოდ გლეხებს შორის უხდებათ. ამა თუ იმ სოფლის ან მრევლის გლეხებმა, — დანიაში მრავალი ცალკეული დიდი კომლია — თავისი მიწები ერთ მსხვილ მამულად უნდა შეაერთონ და საერთო ხარჯით დაამუშაონ იგი, ხოლო შემოსავალი გაიყონ დაბანდებული მიწის, ფულის და შრომის პროპორციულად. დანიაში წვრილი მიწისმფლობელობა მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს ასრულებს. მაგრამ თუ ჩვენ ამ იდეას პარცელური მეურნეობის დარგს მივუყენებთ, დავინახავთ, რომ პარცელების შეერთებით და მთელ შეერთებულ ფართობზე მსხვილი მეურნეობის გაძღოლის დროს, ნაწილი მუშა-ხელისა, რომელიც აქამდე დაბანდებული იყო, ზედმეტი აღმოჩნდება. შრომის სწორედ ამ დაზოგვაშია მსხვილი მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა. ამ მუშახელისათვის სამუშაოს გამონახვა შეიძლება ორი გზით: ან გლეხთა ამხანაგობის განკარგულებაში უნდა გადავიდეს მიწის ახალი ნაჭრები მეზობელი მსხვილი მამულებიდან; ანდა უნდა მიეცეს მათ სახსრები და შესაძლებლობა დამხმარე სამრეწველო მუშაობისათვის, თუნდაცდა უპირატესად საკუთარი მოხმარებისათვის. ორივე შემთხვევაში მათი ეკონომიური პირობები გაუმჯობესდება და ამავე დროს ეს უზრუნველყოფს ცენტრალური საზოგადოებრივი ძალაუფლებისათვის აუცილებელ გავლენას, რათა გლეხთა ამხანაგობა თანდათან უმაღლეს ფორმად აქციოს და როგორც მთლიანად ამხანაგობის, ისევე მისი ცალკეული წევრების უფლებები და მოვალეობები გაუთანაბროს მთელი კოლექტივის დანარჩენ ნაწილთა უფლებებსა და მოვალეობებს. თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს კერძოდ თვითეულ ცალკე შემთხვევაში, დამოკიდებული იქნება უკვე ამა თუ იმ შემთხვევის გარემოებაზე და იმ პირობებზე, რომლებშიც ჩვენ პოლიტიკურ ძალაუფლებას დავიპყრობთ. შესაძლოა, რომ ჩვენ, ამ გზით, შევძლებთ უფრო მეტი უპირატესობანი შევთავაზოთ ამ ამხანაგობებს: ნაციონალური ბანკის მიერ თავის თავზე მათი საიპოთეკო ვალის მთელი თანხის აღება სარგებლის მნიშვნელოვანი შემცირებით; დახმარების გაცემა საზოგადოებრივი სახსრებიდან მსხვილი წარმოების მოსაწყობად (დახმარება გაიცემა არა აუცილებლად ან არა მხოლოდ ფულის სახით, არამედ საჭირო პროდუქტებითაც: მანქანებით, ხელოვნური სასუქით და ა. შ.) და სხვა უპირატესობანი.
ყველა ამასთან თავიდათავი მაინც ის არის, რომ გლეხს აშკარად დავანახვოთ, რომ ჩვენ მხოლოდ იმ გზით შეგვიძლია გადავარჩინოთ, შევუნარჩუნოთ მას მისი კარ-მიდამო და ადგილ-მამული, თუ ამ ადგილ-მამულს საამხანაგო მფლობელობად და საამხანაგო წარმოებად გადავაქცევთ. გლეხები დაღუპვისაკენ მიჰყავს სწორედ ერთპიროვნულ მეურნეობას, რომელიც ერთპიროვნული მფლობელობითაა გაპირობებული. თუ ისინი დაიჟინებენ სწორედ თავიანთ ამ ერთპიროვნულ მეურნეობას, მაშინ ისინი აუცილებლად დაჰკარგავენ კარ-მიდამოსაც და მიწის ნაკვეთსაც; მსხვილი კაპიტალისტული მეურნეობა განდევნის მათ მოძველებული წარმოების წესს. ასეთია საქმის ვითარება. და აი მივდივართ ჩვენ და გლეხებს შესაძლებლობას ვაძლევთ თვითონ გაუძღვნენ მსხვილ მეურნეობას, არა კაპიტალისტთა სასარგებლოდ, არამედ თავისი საკუთარი საერთო სარგებლობისათვის. განა არ შეიძლება ნათლად ვუჩვენოთ გლეხს, რომ ეს მათ ინტერესებში შედის, რომ ეს მათი ხსნის ერთადერთი საშუალებაა?
ჩვენ არ შეგვიძლია და ვერასოდეს ვერ შევძლებთ, რომ დავპირდეთ პარცელურ გლეხს ერთპიროვნული საკუთრებისა და ერთპიროვნული მეურნეობის შენარჩუნებას კაპიტალისტური წარმოების ყოვლისშემძლეობის წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავპირდეთ, რომ მათი ნება-სურვილის წინააღმდეგ ძალმომრეობით არ შევიჭრებით მათ საკუთრების ურთიერთობებში. შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია იმის მომხრენი ვიყოთ, რომ კაპიტალისტებისა და მსხვილი მიწათმფლობელების ბრძოლა წვრილი გლეხის წინააღმდეგ ახლაც კი რაც შეიძლება ნაკლებ გაიძვერული ხერხებით წარმოებდეს და რომ შეძლებისდაგვარად დაბრკოლებები შევუქმნათ აშკარა ძარცვა-გლეჯასა და მოტყუებას, რაც მეტისმეტად ხშირად ხდება. ამის მიღწევა მხოლოდ გამონაკლისის სახით მოხერხდება. წარმოების განვითარებული კაპიტალისტური წესის დროს არც ერთმა ადამიანმა არ იცის, სად თავდება პატიოსანი მოგება და სად იწყება თაღლითობა, მაგრამ ყოველთვის დიდი განსხვავება იქნება იმაში, თუ ვის მხარეს იქნება პოლიტიკური ძალაუფლება, — მომტყუებლის თუ მოტყუებულის მხარეზე. ჩვენ კი გადაჭრით ვდგავართ წვრილი გლეხის მხარეზე; ჩვენ ყველა შესაძლებელ ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ გლეხის ხვედრი უფრო ასატანი გახდეს და რომ გავუადვილოთ მას ამხანაგობაზე გადასვლა, თუ ის ამას გადაწყვეტს, და ვაღასაც კი მივცემთ მას თავის პარცელაზე ამის მოსაფიქრებლად, თუ ის ჯერ კიდევ ვერ შესძლებს მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ამას გავაკეთებთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი შრომით მცხოვრები წვრილი გლეხის გადმოსვლა ჩვენ მხარეზე შესაძლებლად მიგვაჩნია, არამედ პარტიის პირდაპირი ინტერესების გამოც. რაც უფრო დიდი იქნება იმ გლეხების რიცხვი, რომლებსაც ჩვენ ნამდვილალ საშუალებას მივცემთ არ გადაიქცნენ პროლეტარებად და რომლებსაც ჩვენ ჯერ კიდევ როგორც გლეხებს ჩვენ მხარეზე გადმოვიბირებთ, მით უფრო სწრაფად და იოლად მოხდება საზოგადოებრივი გადატრიალება. ჩვენთვის უსარგებლოა ამ გადატრიალების დაცდა იმ დრომდე, სანამ კაპიტალისტური წარმოება ყველგან თავისი განვითარების უკიდურეს შედეგებს მიაღწევს, სანამ უკანასკნელი წვრილი ხელოსანი და უკანასკნელი წვრილი გლეხი მსხვილ კაპიტალისტურ წარმოებას მსხვერპლად შეეწირება. ის მატერიალური მსხვერპლი, რომელიც ამ მიზნით საზოგადოებრივი სახსრებიდან გლეხების ინტერესებისათვის უნდა გავიღოთ, კაპიტალისტური ეკონომიკის თვალსაზრისით შეიძლება პირდაპირ გადაყრილ ფულად იქნეს მიჩნეული, მაშინ როდესაც ეს იქნება კაპიტალის შესანიშნავი გამოყენება, იმიტომ რომ შესაძლებელია ამ მსხვერპლის გაღებამ ათჯერ უფრო დიდი თანხები დაზოგოს, ვინემ საჭირო იქნებოდა ერთობლივად საზოგადოების გარდაქმნისათვის ხარჯების გაწევის დროს. ამ მხრივ, ჩვენ შეგვიძლია, მაშასადამე, მეტად გულუხვი ვიყოთ გლეხების მიმართ. აქ ზედმეტია დაწვრილებით შევეხოთ საკითხს და ამ მიმართულებით გარკვეული წინადადებები წამოვაყენოთ; აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს მხოლოდ სულ ზოგად, ძირითად ხაზებში.
ამრიგად, ჩვენ ძალიან ცუდ სამსახურს გავუწევდით არა მხოლოდ პარტიას, არამედ წვრილ გლეხებსაც კი, თუ მათ ისეთი დაპირებებით გავბერავდით, რომლებიც გლეხებს ცოტაოდენ საბაბს მაინც მისცემდნენ ეფიქრნათ, რომ ჩვენ ვაპირებთ ხანგრძლივ შევინარჩუნოთ პარცელური საკუთრება. ეს იმის მომასწავებელი იქნებოდა, რომ პირდაპირ დაგვეხურა გლეხებისათვის განთავისუფლების გზა და პარტია ჩამოგვექვეითებინა უგვანო ანტისემიტიზმის დონემდე. პირიქით. ჩვენი პარტიის ვალია — ყოველთვის და ყველგან განუმარტოს გლეხებს მათი მდგომარეობის აბსოლუტური უიმედობა, ვიდრე კაპიტალიზმი ბატონობს, აბსოლუტური შეუძლებლობა შეინარჩუნონ მათ პარცელური საკუთრება, როგორც ასეთი, აბსოლუტური რწმენა იმისა, რომ კაპიტალისტური მსხვილი წარმოება ისევე გასრესს მათ უძლურ მოძველებულ წვრილ წარმოებას, როგორც რკინიგზის მატარებელი — ურიკას. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენ ვიმოქმედებთ აუცილებელი ეკონომიური განვითარების შესაბამისად, ეს კი გონებას გაუხსნის წვრილ გლეხებს ჩვენი სიტყვების გასაგებად.
თუმცა, მე არ შემიძლია ეს საკითხი დავტოვო ჩემი იმ ღრმა რწმენის გამოუთქმელად, რომ ნანტის პროგრამის ავტორებიც არსებითად ემხრობიან იმავე შეხედულებას, რასაც მე. ისინი საკმაოდ შორსმჭვრეტელნი არიან იმისათვის, რათა გაიგონ, რომ ახლა წვრიი პარცელებად დანაწილებული მიწაც კოლექტიურ მფლობელობაში უნდა გადავიდეს. ისინი თვითონვე აღიარებენ, რომ პარცელურ საკუთრებას გაქრობა მოელის. ნანტის კონგრესზე ნაციონალური საბჭოს მოხსენება, შედგენილი ლაფარგის მიერ, ასევე სავსებით ადასტურებს ამ აზრს. გერმანულ ენაზე იგი გამოქვეყნდა ბერლინის “Sozialdemokrat”-ში ამა წლის 18 ოქტომბერს. უკვე თვით წინააღმდეგობა ნანტის პროგრამის გამოთქმებისა ააშკარავებს, რომ მისი ავტორები ნამდვილად იმას არ ამბობენ, რისი თქმაც სურთ. თუ მათ ვერ გაუგებენ და მათს განცხადებებს ბოროტად გამოიყენებენ, — როგორც ეს კიდევაც მოხდა სინამდვილეში, — ეს, რა თქმა უნდა, მათივე ბრალია. ყოველ შემთხვევაში, მათ უფრო დაწვრილებით უნდა განმარტონ თავიანთი პროგრამა, ხოლო საფრანგეთის შემდგომ ყრილობას მოუხდება მისი საფუძვლიანად გადასინჯვა.
ახლა გადავიდეთ უფრო მსხვილი გლეხების საკითხზე. აქ ჩვენ ვხედავთ — უმთავრესად მემკვიდრეობის გაყოფის გამო, მაგრამ აგრეთვე დავალიანების და მიწის იძულებითი გაყიდვის გამოც, მთელ რიგ გარდამავალ საფეხურებს პარცელურიდან მსხვილ გლეხამდე, რომელსაც შეუნარჩუნებია მთელი თავისი ძველი ნაკვეთი და გაუდიდებია კიდეც. იმ ადგილებში, სადაც საშუალო გლეხი პარცელურ გლეხებს შორის ცხოვრობს, იგი თავისი ინტერესებითა და შეხედულებებით რამდენადმე მაინც არსებითად არ განირჩევა მათგან; მას ხომ საკუთარმა გამოცდილებამ უჩვენა თუ რამდენი გლეხი, ისეთივე როგორიც ის არის, ჩამოქვეითდა წვრილი გლეხის მდგომარეობამდე. იქ კი, სადაც საშუალო და მსხვილი გლეხები სჭარბობენ და სადაც მეურნეობის გასაძღოლად ყველგან საჭირო ხდება მოჯამაგირეების მოხმარება, საქმის ვითარება სულ სხვანაირია. მუშათა პარტია, რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა უნდა გამოექომაგოს დაქირავებულ მუშებს, ე. ი. მოჯამაგირეებს და დღიურ მუშებს. მას მარტო ამის გამოც არ შეუძლია მისცეს გლეხებს რაიმე ისეთი დაპირებები, რომელნიც მუშების დაქირავებული მონობის არსებობის შენარჩუნებას გულისხმობენ. მაგრამ, სანამ იარსებებენ მსხვილი და საშუალო გლეხები, როგორც ასეთნი, ისინი დაქირავებული მუშის გარეშე თავს ვერ გაართმევენ საქმეს. და თუ ჩვენი მხრივ უაზრობა იქნებოდა პარცელური გლეხებისათვის იმის იმედის მიცემა, რომ ისინი თავიანთ არსებობას განაგრძობენ, როგორც პარცელური გლეხები, მსხვილი და საშუალო გლეხებისათვის ამის დაპირება უკვე პირდაპირ ღალატი იქნებოდა.
ჩვენ აქაც იგივე მსგავსება გვაქვს ქალაქის ხელოსნებთან. თუმცა ხელოსნებმა გლეხებზე უფრო მეტი გაჩანაგება განიცადეს, მაგრამ მათ შორის მაინც მოიძებნება კიდევ ისეთები, რომლებთანაც შეგირდებს გარდა ქარგლებიც მუშაობენ, ანდა რომლებთანაც შეგირდები ქარგლების სამუშაოს ასრულებენ. ამ ოსტატხელოსანთაგან ისინი, ვისაც სამუდამოდ სურთ ასეთებად დარჩნენ, დაე წავიდნენ ანტისემიტებთან, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ არც იქ უშველიან მათ. დანარჩენები კი, ვინც თავიანთი წარმოების წესის გარდუვალ დაღუპვას ხედავენ, დაე მოვიდნენ ჩვენთან, მაგრამ ამასთან მზად უნდა იყვნენ მომავალში ის ხვედრი გაიზიარონ, რომელიც ყველა სხვა მუშას მოელის. იგივე ითქმის მსხვილი და საშუალო გლეხების მიმართაც. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათი მოჯამაგირეები და დღიური მუშები უფრო გვაინტერესებს, ვიდრე თვით ისინი. თუ ამ გლეხებს სურთ, რომ ჩვენ მივცეთ მათ მათი მეურნეობის შემდგომი არსებობის გარანტია, ამას ჩვენ ვერაფრით ვერ დავპირდებით. მაშინ მათი ადგილი ანტისემიტებში იქნება, გლეხთა კავშირის წევრებსა და სხვა ამგვარ პარტიებში, რომელნიც განსაკუთრებულ სიამოვნებას გრძნობენ იმაში, რომ ყველაფერს დაპირდნენ და არაფერი არ შეასრულონ. ჩვენ მტკიცედ ვიცით ის ეკონომიური ჭეშმარიტება, რომ მსხვილი და საშუალო გლეხიც აუცილებლად უნდა დაღუპოს კაპიტალისტური მეურნეობის კონკურენციამ და ხორბლის იაფმა ოკეანესიქითურმა წარმოებამ; ამას მოწმობს თვით ამ გლეხების სულ უფრო მზარდი დავალიანება და ჩამოქვეითება, რასაც საყოველთაოდ ვხედავთ. ამ დაქვეითების წინააღმდეგ ჩვენ ვერაფერს გავხდებით, მხოლოდ იმას თუ ვურჩევთ, რომ აქაც შეაერთონ მეურნეობანი საამხანაგო საწარმოებად, რომლებშიც შესაძლებელი იქნება სულ უფრო და უფრო მოისპოს დაქირავებული შრომის ექსპლოატაცია და რომელნიც თანდათანობით შეიძლებოდა გადაგვექცია დიდ საერთო-ნაციონალური საწარმოო ამხანაგობის ნაწილებად, რომლებსაც თანაბარი უფლებები და ვალდებულებები ექნებოდათ. თუ ეს გლეხები შეიგნებენ წარმოების მათი ახლანდელი წესის დაღუპვის აუცილებლობას, თუ ისინი საჭირო დასკვნებს გამოიყვანენ აქედან, მაშინ დაე ისინი მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენი ვალი იქნება მათაც შეძლებისდაგვარად გავუადვილოთ წარმოების ახალ წესზე გადასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იძულებულნი ვიქნებით საკუთარი ბედისამარა მივატოვოთ ისინი და მივმართოთ მათს დაქირავებულ მუშებს, რომლებშიც ჩვენ აშკარად მოვიპოვებთ თანაგრძნობას. ძალდატანებითს ექსპროპრიაციაზე ჩვენ, ალბათ, აქაც უარს ვიტყვით, თუმცაღა, ესეც არის, შეგვიძლია იმის იმედი ვიქონიოთ, რომ ეკონომიური განვითარება იმ შუბლმაგრებსაც ასწავლის ჭკუა-გონებას.
სულ მარტივად არის საქმე მხოლოდ მსხვილი მიწათმფლობელობის მიმართ. აქ ჩვენს წინაშე სრულიად დაუფარავი კაპიტალისტური საწარმოა, და რადგან ასეა, ამ მხრივ არავითარი ეჭვი აღარ შეიძლება გვქონდეს. აქ ჩვეს წინაშეა სოფლის პროლეტარიატის მასა, და ჩვენი ამოცანა ნათელია. როგორც კი ჩვენი პარტია სახელმწიფო ძალაუფლებას დაიპყრობს, მან პირდაპირ უნდა მოახდინოს მსხვილ მიწათმფლობელთა ექსპროპრიაცია, ისევე როგორც მრეწველ მეფაბრიკეებისა. ის, თუ როგორ მოხდება ეს ექსპროპრიაცია, გამოსყიდვით თუ გამოუსყიდველად, მეტწილად დამოკიდებული იქნება არა ჩვენზე, არამედ იმ გარემოებებზე, რომლებშიც ჩვენ ძალაუფლებას დავიპყრობთ, აგრეთვე განსაკუთრებით თვით ბატონ მსხვილ მიწათმფლობელთა მოქმედებაზე. ჩვენ სრულებითაც არ ვფიქრობთ, რომ გამოსყიდვა არავითარ გარემოებებში არ არის დასაშვები; მარქსს ჩემთვის (და მერე რა ხშირად!) გამოუთქვამს თავისი აზრი: ჩვენ ყველაზე იაფად ის დაგვიჯდებოდა, რომ შეგვეძლოს მთელი ამ ხროვისაგან თავის გამოსყიდვაო. მაგრამ ჩვენ აქ ამას არ შევეხებით. ამრიგად, საზოგადოებისთვის დაბრუნებულ მსხვილ მამულებს ჩვენ სარგებლობაში გადავცემთ საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ ამხანაგობებად გაერთიანებულ სოფლის მუშებს, რომლებიც ამჟამად უკვე ამუშავებენ ამ მიწებს. თუ რა პირობებით გადავცემთ ჩვენ ამ მიწებს, ამის შესახებ ახლა გარკვეულს ვერაფერს ვიტყვით. ყოველ შემთხვევაში კაპიტალისტური მეურნეობის გადაქცევა საზოგადოებრივ მეურნეობად აქ უკვე სავსებით მომზადებულია და შეიძლება მოხდეს ერთბაშად, ისევე როგორც, მაგალითად, ბ-ნ კრუპის ან ბ-ნ ფონ შტუმის ქარხნებისა. ხოლო ამ სამიწათმოქმედო ამხანაგობათა მაგალითი დაარწმუნებს საამხანაგო მსხვილი მეურნეობების უპირატესობაში წინააღმდეგობის გამწევ უკანასკნელ პარცელურ გლეხებს და, ალბათ, ზოგიერთ მსხვილ გლეხსაც.
მაშასადამე, აქ ჩვენ შეგვიძლია სოფლის პროლეტარებს ისეთივე ბრწყინვალე პერსპექტივა გადავუშალოთ, როგორიც სამრეწველო მუშების წინაშეა გადაშლილი. ამიტომ ოსტელბიის პრუსიის სოფლის მუშების ჩვენ მხარეს მოზიდვა ჩევნთვის მარტო დროის საქმეა — და ისიც ძლიერ მოკლე დროისა. ხოლო როდესაც ოსტელბიის სოფლის მუშები ჩვენ მხარეს იქნებიან, მთელ გერმანიაში მაშინვე სულ სხვა სიო დაჰბერავს. ოსტელბიის სოფლის მუშების ფაქტიურად ნახევრად ყმაგლეხური მდგომარეობა არის მთავარი საფუძველი პრუსიის იუნკრების ბატონობისა და მასთან ერთად გერმანიაში სპეციფიკურ პრუსიული ბატონობისაც. სწორედ ოსტელბიის იუნკრებმა, რომლებიც სულ უფრო და უფრო ვალებში ეფლობიან, ღარიბდებიან და პარაზიტულად ცხოვრობენ სახელმწიფოსა თუ სხვის ხარჯზე და ამიტომ მით უფრო გაბოროტებით ებღაუჭებიან თავიანთ ბატონობას, შეჰქმნეს და ხელს უწყობენ ბიუროკრატიისა და არმიის ოფიცერთა შემადგენლობის სპეციფიკურ პრუსიულ ხასიათს: იუნკრების ქედმაღლობის, გონებაშეზღუდულობის და გულზვაობის გამო პრუსიელი ერის გერმანული იმპერია — თუმცა აშკარაა, რომ დღიევანდელ მომენტში იგი აუცილებელია, როგორც ნაციონალური ერთიანობის ერთადერთი ამჟამად შესაძლებელი ფორმა — ასეთი საძულველი გახდა თავის სამშობლოში, ხოლო საზღვარგარეთ, მიუხედავად მისი ბრწყინვალე გამარჯვებებისა, ასეთი ნაკლები პატივისცემით ეპყრობიან მას. ამ იუნკერთა ძალა იმაზეა დამყარებული, რომ შვიდ ძველი პრუსიული პროვინციის მთლიან ტერიტორიაზე, მაშასადამე, მთელი იმპერიის თითქმის მთელ მესამედში, მათ თავიანთ განკარგულებაში აქვთ მიწის საკუთრება, რომელსაც აქ თან ახლავს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალაუფლება; და არა მარტო მიწის საკუთრება, არამედ შაქრის ჭარხლისა და არაყის სახდელი ქარხნების მეშვეობით ამ ოლქის მრეწველობის ყველაზე მნიშვნელოვანი დარგებიც. დანარჩენი გერმანიის არც მსხვილი მიწათმფლობელები და არც მსხვილი მრეწველები არ არიან ასეთ ხელსაყრელ მდგომარეობაში; არც პირველთ და არც უკანასკნელთ თავიანთ განკარგულებაში არა აქვთ მთელი ერთიანი სამეფო. ისინი გაფანტულნი არიან დიდ სივრცეზე და კონკურენციას უწევენ როგორც ერთმანეთს, ისევე მათ გარშემო მყოფ დანარჩენ საზოგადოებრივ ელემენტებს, ეკონომიური და პოლიტიკური ბატონობისათვის ბრძოლაში. მაგრამ პრუსიელ იუნკერთა ეს მდგომარეობა, რაც მათ ძალაუფლებას აძლევს ხელში, სულ უფრო და უფრო ჰკარგავს ეკონომიურ საფუძველს. დავალიანება და გაღატაკება, მიუხედავად ყოველგვარი სახელმწიფოებრივი დახმარებისა (ხოლო ფრიდრის II დროიდან კი ეს დახმარება იუნკერთა თვითეულ ნორმალურ ბიუჯეტში შედის), აქაც შეუჩერებლივ ვრცელდება; ხოლო, მარტო კანონმდებლობით შემოღებული და ჩვეულებით განმტკიცებული ფაქტიურად ნახევრად ბატონყმური წესები და ამის გამო სოფლის მუშების უსაზღვრო ექსპლოატაცია შესაძლებლობას აძლევს წყალწაღებულ იუნკრობას ზედაპირზე იტივტივოს. გადაისროლეთ სოციალ-დემოკრატიის თესლი ამ მუშების წრეში, გაამხნევეთ ისინი და შეაკავშირეთ თავიანთი უფლებებისათვის საბროძოლველად, — და იუნკერთა ბატონობასაც ბოლო მოეღება. ეს უდიდესი რეაქციული ძალა, რომელიც გერმანიისათვის ისეთივე ბარბაროსული დაპყრობითი ელემენტია, როგორიც რუსეთის ცარიზმია მთელი ევროპისათვის, ისე დაიჩუტება, როგორც გახვრეტილი ბუშტი. პრუსიული არმიის “რჩეული ლეგიონები” სოციალ-დემოკრატიულნი გახდებიან, და მაშინ ძალთა თანაფარდობაში ისეთი ძვრა მოხდება, რომელიც თავის თავში სრულ გადატრიალებას შეიცავს. მაგრამ სწორედ ამიტომაც ოსტელბიის სოფლის პროლეტარების ჩვენ მხარეზე მოზიდვა უფრო დიდი მნიშვნელობისაა, ვინემ დასავლეთ გერმანიის წვრილი გლეხებისა ანდა სამხრეთ გერმანიის საშუალო გლეხებისაც კი. აქ, ოსტელბიის პრუსიაში არის ჩვენთვის გადამწყვეტი ბრძოლის ველი და ამიტომ მთავრობა და იუნკრობა ყველა ზომებს მიიღებენ იმისათვის, რომ ჩვენ აქ არ შეგვიშვან. და თუ, როგორც გვემუქრებიან, კვლავ ხელს მოჰკიდებენ ახალ რეპრესიულ ზომებს ჩვენი პარტიის გავრცელების წინააღმდეგ, ამას უწინარეს ყოვლისა იმისათვის მოიმოქმედებენ, რათა ოსტელბიის სოფლის პროლეტარიატი ჩვენი პროპაგანდისაგან დაიცვან. ჩვენთვის ეს სულერთია. ჩვენ ამ პროლეტარიატს მაინც დავიპყრობთ.